logo
ENG



ფაშინიანი: სომხეთი არის არცახის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტი

27 სექ 202018:48
3 წუთის საკითხავი
 
k35g2rxdydelf7e.jpg

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი არის არცახის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტორი. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა ტვიტერზე დაწერა

"სომხეთი არის არცახის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტორი. დღეს სომხეთი დგას არცახთან როგორც სახელმწიფო სისტემის, ისე მოსახლეობის სრული პოტენციალით. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი სამშობლოს საზღვრების უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა". 

პარალელურად კი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყარაბაღში სომხები ტოვებენ ბრძოლის ველს, იარაღს და უკან იხევენ. 

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს გამწვავდა. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია. 

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი.

არის მსხვერპლი. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ საბრძოლო ოპერაციების შედეგად მათ ყარაბაღის სოფლები და სტრატეგიული ადგილები დაიკავეს. 

ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალივვს თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა განცხადება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეფეჯ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს. 

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. 

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა